top of page

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს:


  • დაფინანსების არსებული სისტემის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც დასრულდება 2024 წლის დეკემბერში. ეს ამოცანა მოიცავს:


    • არსებული დაფინანსების მოდელის შეფასებას - რამდენად პასუხობს სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი თანაბარი ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის, ადექვატურობის, ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტურობის კრიტერიუმებს;


  • სკოლების დაფინანსების პოლიტიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გატარებული ცვლილებების შეფასებას სკოლების დაფინანსების საერთაშორისო ტენდენციების ჭრილში;


  • საჯარო სკოლების საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას და მიგნებებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოდელის ცვლილების ამოცანების განსაზღვრას.

  • დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას და პილოტირებას. პილოტირების დაწყება დაგეგმილია 2025 წლის სექტემბრის თვეში. პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით, დაიხვეწება დაფინანსების საპილოტე ვერსია და სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი ძალაში შევა 2027 წლიდან.














28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) გენერალური ასამბლეა მიმდინარეობდა. ღონისძიებას საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) მასპინძლობდა.

ასამბლეაში მონაწილეობა 55 ქვეყნის განათლების სისტემის წარმომადგენელმა და სფეროს ექსპერტმა მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს როგორც მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები, ასევე განათლების სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები და ტენდენციები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები და არსებული გამოცდილება.

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საგანმანთლებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში. IEA-ს საერთაშორისო ქსელში ჩართულია 60-ზე მეტი სახელმწიფო, ხოლო მისი კოორდინირებით ჩატარებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში (TIMSS, PIRLS, TEDS, ICCS, ICILS) მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყანა.

IEA-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრა გამორჩეული მნიშვნელობის მოვლენაა საგანმანათლებლო სფეროში. შეხვედრას ყოველწლიურად ესწრებიან განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები, რომელთა საქმიანობის მიზანს განათლების მიმართულების პროგრესი წარმოადგენს.

2024 წლიდან საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.





PISA

კვლევას საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ახორციელებს. საცდელი ტესტირება 2024 წლის აპრილსა და მაისში, ელექტრონულად ჩატარდა, ძირითადი კვლევის ჩატარება 2025 წელს არის დაგეგმილი.


PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. PISA-ს შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება. კვლევის ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეების მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. PISA 2025 რიგით მეცხრე კვლევაა, რომელიც 2000 წლის შემდეგ ტარდება და მასში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.


საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად სკოლები შემთხვევითი წესით შეირჩა PISA-ს სკოლების შერჩევაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის (Westat) მიერ.

bottom of page