

TIMSS ‒ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების საერთაშორისო შეფასება ‒ TIMSS ‒ გვთავაზობს ფასდაუდებელ ცოდნას განათლების სისტემის მდგომარეობისა და განვითარების დინამიკის შესახებ და, შესაბამისად, წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას არა მხოლოდ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისთვის, არამედ სკოლებისთვისაც.
ამისთვის აუცილებელია, სკოლა გახდეს საერთაშორისო შეფასებებით მიღებული იმ მტკიცებულებების აქტიური მომხმარებელი, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებას ემსახურება. ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორიოს შეფასების, მათ შორის, TIMSS-ის ანგარიშებს, ახალი ფორმატით წარმოვადგენთ.
პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ანგარიშების ტრადიციული ფორმა, კვლევის შედეგების ერთიან, მოცულობით და რთულად აღქმად დოკუმენტში თავმოყრა გარკვეულწილად აფერხებს კვლევის შედეგების ეფექტიან გამოყენებას.
TIMSS-ის წარმოდგენილი ანგარიში, საერთაშორისო შეფასებების შედეგების ახალი ფორმატით გაზიარების პირველი ნაბიჯია. ეს არის მცდელობა, საერთაშორისო მონაცემები გამოვიყენოთ, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცვლილების გზამკვლევი, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ სკოლის დონეზეც. ეროვნული ანგარიშის სახელწოდებად შევარჩიეთ „TIMSS 2023-ის გაკვეთილები“, რომლის თითოეული სერია კონკრეტულ თემას ეძღვნება და შესაბამისი თემატური სათაურით გამოქვეყნდება.


