top of page

2025 წელს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა სკოლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ პლატფორმა შესთავაზა საქართველოს ყველა სკოლას.


პლატფორმა სამ მიმართულებას აერთიანებს:


ტესტების ლაბორატორია უზრუნველყოფს საერთაშორისო შეფასებებში (PIRLS, TIMSS, PISA) გამოყენებულ თუ მსგავს, ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილ ტესტურ დავალებებზე თანაბარ წვდომას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის; სამომავლოდ ამ მიმართულებით სკოლის პედაგოგების ჩართვა იგეგმება.


უკუკავშირის სისტემა სკოლებს მიაწვდის პერსონიფიცირებულ უკუკავშირს, რაც შესაძლებლობას მისცემს სკოლას, სანდო მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს ცვლილებები სასწავლო პროცესში და გააუმჯობესოს შესაბამისი მიმართულებები.


დამატებითი რესურსების სივრცე, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო კვლევებსა და მათ შედეგებს გააცნობს სასკოლო საზოგადოებას, არამედ დიდ ყურადღებას დაუთმობს კვლევის შედეგების სკოლის დონეზე გამოყენების საუკეთესო პრაქტიკების განხილვას.


პლატფორმის პილოტირება მარტისა და აპრილის თვეში შედგა. პილოტირების პროცესში საქართველოს პრაქტიკულად ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.


პილოტირების შედეგების ანალიზი პლატფორმის გაუმჯობესებისა და მომხმარებლების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგების შესაძლებლობაა.


სკოლების მხარდამჭერი პლატფორმის მიზანია, იქცეს სივრცედ, რომელიც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი იქნება სკოლებისათვის, მოსწავლეთა ოჯახებისათვის.


პლატფორმა სკოლებთან, განათლების სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განვითარდება.


ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.


ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.


საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან.

კითხვარის ბმულს სტუდენტები მიიღებენ ელექტრონული ფოსტის ან უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით.


2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, გათამაშებაში ჩაერთვებიან. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.


დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/


კითხვებით გვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge


ევროსტუდენტის კვლევას საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ატარებს.


TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა. ის შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. კვლევას უძღვება საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) - დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის: ბოსტონის კოლეჯის IEA-ს TIMSS-ისა და PIRLS-ის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (აშშ), IEA ჰამბურგი (გერმანია), IEA ამსტერდამი (ნიდერლანდები).

TIMSS-ის კვლევა პირველად 1995 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო კვლევაში 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, კვლევის 2023 წლის ციკლის ანალიზისას ჩვენ საშუალება გვაქვს დავინახოთ, როგორია ჩვენი მოსწავლეების მიღწევების დინამიკა 2007 წლიდან დღემდე.

TIMSS-ის კვლევა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს:

  • შეაფასონ თავისი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში;

  • მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სწავლის გარემოსა და იმ კონტექსტუალურ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა თუ შეფერხებაზე;

  • შეადარონ მათი მოსწავლეების მიღწევები სხვა ქვეყნების მოსწავლეების შედეგებს; გაეცნონ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს;

  • გამოიყენეონ კვლევის შედეგები სწავლების უფრო ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის.

კვლევის ფორმატი: 2019 წლიდან ეტაპობრივად გადავიდა კვლევის ელექტრონულად ჩატარებაზე და კვლევის 2023 წლის ციკლში თითქმის ყველა მოსწავლემ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებმა, ტესტურ დავალებებსა და კითხვარზე ელექტრონულად იმუშავეს.


TIMSS 2023-ში მონაწილე ქვეყნები


TIMSS-ის კვლევის სამიზნე პოპულაცია მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ქვეყნების ნაწილში კვლევაში მონაწილეობენ ორივე საფეხურის მოსწავლეები, ნაწილში კი - მხოლოდ რომელიმე კლასი. საქართველოს შემთხვევაში კვლევაში ჩართული იყვნენ როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასის მოსწავლეები.

TIMSS-ის 2023 წლის კვლევაში მონაწილეობდა:

მე-4 კლასი: 59 ქვეყნისა და 6 რეგიონის (ზოგიერთ ქვეყანაში კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ რომელიმე რეგიონი) 12 016 სკოლის 359 098 მეოთხეკლასელი მოსწავლე.

მე-8 კლასი: 44 ქვეყნისა და 3 რეგიონის 8 786 სკოლის 297 262 მერვეკლასელი მოსწავლე.






bottom of page