
მოსწავლეთა შეფასების
საერთაშორისო პროგრამა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Programme for International Student Assessment) არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD – The Organisation for Economic Co-operation and Development) ციკლურად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს.
PISA აფასებს 15 წლის მოზარდთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში.
განსხვავებით სხვა მსგავსი ტიპის კვლევებისაგან PISA-ს მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ. PISA ფოკუსირებულია მოზარდთა შესაძლებლობებზე, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, იგი არ შემოიფარგლება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით და ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს.
ასეთი ზოგადი მიდგომის ძირითადი მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:
-
მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლებაში მნიშნველოვანია საგნობრივი ცოდნის მიღება, ზრდასრულობაში ამ ცოდნის გამოყენება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ფლობს მოსწავლე უფრო ფართო კომპეტენციებსა და უნარებს.
-
ზოგადი განათლების კვალდაკვალ აუცილებელია მოსწავლეებს განუვითარდეთ კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები. ამ უნარების ჩამოყალიბება რომელიმე კონკრეტული საგნის შესწავლის შედეგად კი არ ხდება, არამედ მთლიანად სასწავლო გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამ ფაქტორების შეფასებაც უფრო ზოგად მიდგომას მოითხოვს.
PISA მსოფლიოს მასშტაბით 2000 წლიდან ტარდება. ამ ეტაპისთვის სულ განხორციელდა 9 ციკლი.
PISA საქართველოში
საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს (PISA 2009+) ჩაერთო. მომდევნო შეფასებები საქართველოში 2015, 2018, 2022 და 2025 წლებში ჩატარდა.
PISA შემდეგი ციკლი 2029 წელს არის დაგეგმილი. ამ ციკლში ძირითად სფეროს კითხვა წარმოადგენს. თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, ასევე, შეფასდება ახალი განზომილება – მედია წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.


მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა
PISA2025
კვლევის პირველადი შედეგები


მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა
PISA2025
კვლევის პირველადი შედეგები

