
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER), კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდებით და ხარისხის, თანასწორობისა და ინოვაციის მხადაჭერით მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლების სისტემის პოლიტიკისა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის პროცესში


PISA 2025 - მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Program for International Student Assessment) არის ციკლური ხასიათის საგანმანათლებლო საერთაშორისო კვლევა, რომელიც 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, 2025 წლის შემდეგ კი ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. PISA-ს ყოველ ციკლში მონაწილეობს 80-მდე სხვადასხვა სახელმწიფო, რაც ამ კვლევას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ავტორიტეტულ და ცნობად საგანმანათლებლო კვლევად აქცევს.
კვლევა მიზნად ისახავს იმის დადგენას, თუ რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ უნდა გაუმკლავდნენ. სხვა სიტყვებით, დავალებები მიმართულია სკოლაში ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის შემოწმებაზე, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენება უცნობ კონტექსტებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამრიგად, PISA აფასებს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. ამ მიზნით, კვლევა ამოწმებს 15 წლის მოსწავლეების კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში.
საქართველო PISA-ში 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ ოთხ ციკლში მიიღო მონაწილეობა (2009, 2015, 2018, 2022 წწ.). წელს საქართველო მონაწილეობას მიიღებს PISA-2025 ციკლში, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებულია საბუნებისმეტყველო საგნები.
***
PISA-ს კვლევაში გამოყენებული და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული დავალებების ნახვა შესაძლებელია ელექტრონული პლატფორმაზე, რომელიც „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ საგანგებოდ მოამზადა. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ამ ბმულს.