top of page

მოსწავლეთა მიღწევები

მიღწევის საფეხურები

ბოლო ათი წლის განმავლობაში (2015-2025) PISA-ს მიღწევის საფეხურების ჭრილში ზოგადი ნეგატიური ტენდენცია ვლინდება (OECD 35) - მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი იკლებს, ხოლო დაბალი მიღწევის მოსწავლეთა წილი იზრდება (მაჩვენებლები შედარებით სტაბილურია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში).

​

საქართველოში:

  • 2022 წელთან შედარებით მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში, ძირითადად, დაბალი მიღწევის ჯგუფში (მე-2 საფეხურის ქვემოთ)  მოსწავლეთა წილის შემცირების და არა მაღალი მიღწევის ჯგუფში (მე-5 ან მე-6 საფეხური) მოსწავლეთა წილის გაზრდის ხარჯზე გაუმჯობესდა.

world dots-01-01.png
PISA+oecd-01.png
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა 

კვლევის შედეგები

PISA2025

area-01.png
  • 2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. ძირითად სფეროს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები წარმოადგენს. ბოლო ციკლში მთავარი სიახლეა შეფასების დამატებითი სფერო – „სწავლა ციფრულ სამყაროში“ (Learning in the Digital World).​

  • 2025 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 760000-ზე მეტმა მოსწავლემ 91 ქვეყნიდან / ეკონომიკიდან.​

  • საქართველოდან მონაწილეობდა 265 სკოლის 6855 მოსწავლე და მათი მშობლები, 265 დირექტორი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების 1350 პედაგოგი.

2026 წლის 8 სექტემბერს PISA საერთაშორისო კონსორციუმმა PISA 2025 წლის შედეგები გამოაქვეყნა.

​

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ამჟამად მუშაობს ეროვნული ანგარიშის ვრცელ ვერსიაზე და თანმხლებ თემატურ სერიებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის დეკემბერში.

​

PISA 2025 წლის  ძირითად მიგნებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ ან ჩამოტვირთოთ PDF ფორმატში.

მოსწავლეთა მიღწევები

მოსწავლეთა შედეგების შეფასებისა და წარმოდგენისთვის PISA ორ ძირითადი მაჩვენებელს იყენებს: მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებელს და მოსწავლეთა განაწილებას მიღწევის საფეხურების მიხედვით.

​

  • საშუალო მაჩვენებელი PISA-ში გამოითვლება სკალაზე, რომლის ერთეულებს პირობითი მნიშვნელობა აქვს. თეორიულად ტესტში მაქსიმალური და მინიმალური ქულა არ არსებობს. ქულები სკალირებულია იმგვარად, რომ მივიღოთ დაახლოებით ნორმალური განაწილება, სადაც საშუალო ქულა შეადგენს 500-ს, ხოლო სტანდარტული გადახრა - 100-ს.

​

  • მიღწევის საფეხურები აჩვენებს, თუ როგორ ნაწილდებიან მოსწავლეები კონკრეტული კომპეტენციების ფლობის მიხედვით -  PISA-ს სკალა კითხვასა და მათემატიკაში დაყოფილია რვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – შვიდ, ხოლო პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრის სფეროში – ექვს მიღწევის საფეხურად. PISA-ს ძირითად სფეროებში (კითხვა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მეორე საფეხური ე. წ. საბაზო საფეხურად ითვლება – ამ საფეხურზე მოსწავლეები ფლობენ საზოგადოებრივ ასპარეზზე ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან აუცილებელ, მინიმალურ კომპეტენციებს.

მოსწავლეთა მიღწევები

საშუალო მაჩვენებელი

ბოლო ათი წლის განმავლობაში (2015-2025) PISA-ს სამივე სფეროში საერთაშორისო მასშტაბით მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებლის კლების ზოგადი ტენდენცია ვლინდება (OECD 35).

​

საქართველოში:

  • 2022 წელთან შედარებით მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები როგორც მათემატიკაში, ისე კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

  • 2025 წელს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ათწლეულის ფარგლებში ყველაზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა კითხვაში ბოლო ციკლის შედეგები კვლავ ჩამორჩება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

PISA-ს ტესტში მოსწავლეთა მიღწევების ცვლილების ათწლიანი ტენდენციის გასაანალიზებლად გამოიყენება OECD 35 ქვეყნის გასაშუალოებული მონაცემები (ეს ქვეყნები მონაწილეობდნენ 2015 წლიდან  განხორციელებულ ყველა ციკლში).

მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლების ცვლილების დინამიკა

(2015-2025)

შედეგების ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ტენდენცია საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლზე მნიშვნელოვნად დაბალი ნიშნულიდან დაიწყო. შესაბამისად, შემოდგომ ციკლებში გაუმჯობესების ტრენდის მდგრადობის შენარჩუნება საქართველოსთვის უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგენს.

  • 2025 წლის ციკლში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია OECD-ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ისე კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

​

  • თუ სამივე სფეროში საქართველოს შედეგებს შედარებით პერსპექტივაში განვიხილავთ, OECD-ის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში ყველაზე მიახლოებული რეიტინგული პოზიცია საქართველოს მათემატიკაში აქვს.

​

  • საქართველოს შედეგი, ასევე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს PISA-ს ახალ განზომილებაში – პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრაში. ამ განზომილებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევა, სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის დაშორებული საერთაშორისო საშუალოს.

მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

legend-01.png

მიღწევის საბაზო საფეხურის მიღმა და საუკეთესო მიღწევების

მოსწავლეთა წილის დინამიკა

(2015-2025)

  • მიღწევის საფეხურების მიხედვით ყველაზე საყურადღებო სურათი კითხვის მიმართულებით ვლინდება, სადაც მიღწევის საბაზო საფეხურის ქვემოთ მოსწავლეთა 61% იმყოფება. შედარებისათვის, ანალოგიური მაჩვენებელი OECD ქვეყნებში დაახლოებით ორჯერ ნაკლებია და 31%-ს შეადგენს.

​

  • OECD-ის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში კვლავ მცირეა იმ მოსწავლეთა წილი, რომლებიც მინიმუმ ერთ საგანში მიღწევის უმაღლეს საფეხურებზე (მე-5 ან მე-6 დონე) მოექცნენ ან სამივე საგანში კომპეტენციის საბაზო (მე-2 ან უფრო მაღალ) საფეხურს მიაღწიეს.

მოსწავლეთა შედეგები მიღწევის საფეხურების მიხედვით გამოთვლითი მეთოდებით პრობლემების გადაჭრაში

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

img-01.png
  • პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრის (Computational Problem Solving) განზომილებაში საბაზო საფეხური ფორმალურად დადგენილი არ არის და პირობით გამყოფს მესამე საფეხური წარმოადგენს. საქართველოში, ამ განზომილებაში მოსწავლეთა შედეგები განსაკუთრებით დაბალია. მესამე საფეხურს ქვემოთ მოსწავლეთა 69% მოექცა. ანალოგიური მაჩვენებელი OECD ქვეყნებში 36%-ს შეადგენს.

55%

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მეორე (საბაზო) საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ ნაცნობი საბუნებისმეტყველო მოვლენების ახსნა და მიღებული ცოდნის გამოყენება მარტივ სიტუაციებში, მათ შორის მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნების მართებულობის შესაფასებლად. საქართველოში სულ მცირე, ამ საფეხურს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა 55%-მა მიაღწია (OECD-ის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 74%-ს შეადგენს).

1 %

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (მიღწევის ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ შემოქმედებითად და დამოუკიდებლად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა მრავალფეროვან, მათ შორის მათთვის მანამდე უცნობ სიტუაციებში. საქართველოში ამ საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 1% აღწევს (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 7%‑ს შეადგენს).

47%

მათემატიკაში მეორე (საბაზო) საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირი მითითებების გარეშე გააანალიზონ და ამოიცნონ, როგორ შეიძლება მარტივი რეალური სიტუაციის მათემატიკურად წარმოდგენა (მაგალითად, ორი ალტერნატიული მარშრუტის საერთო მანძილის შედარება ან ფასების სხვა ვალუტაში გადაყვანა). საქართველოში, მათემატიკაში მიღწევის სულ მცირე საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა 47% იმყოფება (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 65%-ს შეადგენს).

2 %

მათემატიკაში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ რთული სიტუაციების მათემატიკური მოდელირება, ასევე, მათი გადაჭრისთვის შესაფერისი სტრატეგიების შერჩევა, შედარება და შეფასება. საქართველოში, მოსწავლეთა დაახლოებით 2% ამ კატეგორიაში ექცევა. (OECD ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 8%-ს შეადგენს).

39%

კითხვაში მეორე (საბაზო) საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო მოცულობის ტექსტში მთავარი აზრის ამოცნობა, მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე ინფორმაციის მოძიება და, ასევე, ტექსტის მიზნისა და ფორმის გააზრება, როდესაც პირობა ამას მკაფიოდ მოითხოვს. საქართველოში, კითხვაში მიღწევის სულ მცირე მე-2 (საბაზო) საფეხურს მოსწავლეთა მხოლოდ 39%-მა მიაღწია (OECD ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს).

0,2%

ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეებს (მიღწევის ბოლო ორი საფეხური) შეუძლიათ გრძელი ტექსტების გააზრება, აბსტრაქტულ ან ინტუიციის საწინააღმდეგო ცნებებთან მუშაობა, ასევე, ინფორმაციის შინაარსთან ან წყაროსთან დაკავშირებულ არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა. საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება (OECD-ის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 6% ს შეადგენს).

თანასწორობა

  • მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლებთან ერთად PISA-ში წარმატების ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს თანასწორობის მაჩვენებლები. PISA განსაზღვრავს თანასწორობას განათლებაში, როგორც ყველასთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას. ამ განზომილების შეფასება ორ ძირითად ასპექტს ეფუძნება: ინკლუზიას და სამართლიანობას.

​​

  • ინკლუზია (განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა) გულისხმობს, რომ ყველა მოსწავლეს (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს) აქვს ხარისხიანი განათლების მიღებისა და საბაზო უნარების ათვისების შესაძლებლობა.

​​

  • სამართლიანობის პრინციპის თანახმად, მოსწავლის მიღწევები მისი შესაძლებლობითა და ძალისხმევით უნდა იყოს განპირობებული. გარე ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, სოციოეკონომიკური სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი ან რესურსებზე არათანაბარი წვდომა, არ უნდა აფერხებდეს მოსწავლის შესაძლებლობების სრულ გამოვლენას.

​​

  • თანასწორობის მაჩვენებლები მიღწევის მაჩვენებლებთან მოწყვეტით არ უნდა განვიხილოთ, რათა თავი ავარიდოთ მცდარ დასკვნებს, როდესაც ერთგვაროვნება (დაბალი ვარიაბილურობა) მოსწავლეთა შედეგებში თანასწორობის სინონიმად აღიქმება.

თანასწორობა

ინკლუზია (განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა)

ინკლუზიის ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს იმ მოსწავლეთა ჯამური წილი, რომლებიც PISA‑ს ტესტის ყველა სფეროში საბაზო – მეორე საფეხურის შესაბამის ან უფრო მაღალ შედეგს აჩვენებენ.

​

PISA-ში მონაწილე ქვეყნებში, ჯამურად, სამივე მიმართულებით (მათემატიკა, კითხვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მეორე ან უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი მოსწავლეების წილი საშუალოდ 50%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, საქართველოში ინკლუზიის მაჩვენებელი OECD‑ის ქვეყნების საშუალოს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება და მხოლოდ 27%-ს უტოლდება (წინა ციკლში იგივე მაჩვენებელი 17%-ს შეადგენდა). ეს ნიშნავს, რომ, პროგრესის მიუხედავად, საქართველოში მოსწავლეების უმეტესობა (73%) ამ ციკლშიც ვერ აკმაყოფილებს ყველა სფეროში PISA-ს მიღწევის სკალის საბაზო საფეხურის მოთხოვნებს.

მოსწავლეთა ჯამური წილი, რომლებიც PISA‑ს ტესტის ყველა სფეროში საბაზო – მეორე საფეხურის შესაბამის ან უფრო მაღალ შედეგს აჩვენებენ

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

თანასწორობა

სამართლიანობა

  • სამართლიანობის ინდიკატორების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს PISA-ში სოციოეკონომიკური სტატუსი წარმოადგენს, რომელიც ე. წ. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სტატუსის ინდექსით (ESCS) იზომება.

​

  • საქართველოში მოსწავლეთა 38% (ყველაზე დიდი წილი) სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის საერთაშორისო სკალის მე-3 კვარტილშია – ისინი PISA 2025-ის მონაწილეთა შორის არც ყველაზე ნაკლებად და არც ყველაზე მეტად პრივილეგირებულ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. ამ, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეჯგუფში საქართველოს საშუალო შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება შესაბამის საერთაშორისო მაჩვენებელს.

მოსწავლეთა მიღწევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მოსწავლეებისა და სკოლების სოციოეკონომიკური სტატუსი

თანასწორობა

სოციოეკონომიკურ სტატუსსა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის ურთიერთკავშირის სიძლიერე გვიჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსწავლის სოციოეკონომიკური სტატუსი მის მიღწევებთან. იგი იზომება მოსწავლეთა მიღწევებში ვარიაციის წილით, რომელიც სოციოეკონომიკური სტატუსით აიხსნება.

​​

  • •საშუალოდ, OECD-ის ქვეყნებში სოციოეკონომიკური სტატუსი ხსნის მოსწავლეთა მიღწევის ქულათა ვარიაციის 12 %-ს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და 9%‑ს – კითხვაში. საქართველოში სოციოეკონომიკური სტატუსით მოსწავლეთა მიღწევებში ვარიაციის უფრო მცირე წილი აიხსნება (საშუალოდ 4% ყველა საგანში).

​​

  • •ბოლო ათი წლის განმავლობაში PISA-ში მონაწილე ქვეყნებში მოსწავლეთა მიღწევის სოციოეკონომიკური სტატუსით განპირობებული ვარიაციის საშუალო მაჩვენებელი სტაბილურია, თუმცა საქართველოში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნევა.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევაზე სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენის სიძლიერე

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

თანასწორობა

ურთიერთკავშირის ამპლიტუდა აჩვენებს სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენას მოსწავლეთა შედეგებზე – კერძოდ, რამდენი ქულით იცვლება მოსწავლის მიღწევა სოციოეკონომიკური სტატუსის ზრდასთან ერთად.

​

  • პიზას სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სტატუსის ინდექსში ერთი ერთეულით ცვლილება OECD-ის ქვეყნებში მოსწავლის საშუალო მიღწევის უფრო მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული, ვიდრე საქართველოში. ეს ტენდენცია შეფასების სამივე ძირითად სფეროში ვლინდება (კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში).

​

  • გამონაკლისს მხოლოდ პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრის სფერო წარმოადგენს, სადაც ურთიერთკავშირის ამპლიტუდის მაჩვენებელი (რამდენად იცვლება მოსწავლის მიღწევა მისი სოციოეკონომიკური სტატუსის ცვლილებასთან ერთად) საქართველოში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ანალოგიური საერთაშორისო მაჩვენებლისაგან.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევაზე სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენის ამპლიტუდა

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

თანასწორობა

ე. წ. გამორჩეულ მოსწავლეთა წილი PISA-ში  სამართლიანობის დამატებითი საზომია. ე.წ. გამორჩეული მოსწავლეები, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგს აჩვენებენ (მიღწევის მეხუთე და მეექვსე დონე).

 

2025 წლის ციკლში ამგვარი მოსწავლეების წილი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ OECD ქვეყნებში.

გამორჩეულ მოსწავლეთა წილი

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

საქართველოში სოციოეკონომიკური სტატუსის ეფექტი უფრო მცირეა, ვიდრე საშუალოდ OECD ქვეყნებში. რადგან გამოწვევად კვლავ რჩება მოსწავლეთა მიღწევების საერთო დონე, საჭიროა არა მხოლოდ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შედეგებს შორის სხვაობის შემცირება, არამედ ყველა მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ PISA-ს მომდევნო ციკლებში, მოსწავლეთა მიღწევის შემდგომი ზრდის ფონზე საქართველომ შეძლოს სოციოეკონომიკური სტატუსის ეფექტის დაბალი ნიშნულის შენარჩუნება.

​

განათლების სისტემის რეალურ წარმატებად შეგვიძლია განვიხილოთ ქვეყანაში თანასწორობის მაღალი მაჩვენებლები მოსწავლეთა მაღალ საშუალო მიღწევასთან კომბინაციაში.

თანასწორობა

განსხვავებები სქესის  მიხედვით

  • საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრია კითხვაში. მათემატიკაში კი სქესის მიხედვით განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

  • ​

  • გრძელვადიანი ტრენდის ანალიზი აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მათემატიკაში სქესის მიხედვით ქულათა შორის სხვაობა სტაბილურია წლების განმავლობაში. კითხვაში 2015 წლის შემდეგ ბიჭებისა და გოგონების ქულებს შორის სხვაობა ყველაზე დიდი იყო, შუა ციკლებში შედარებით იკლო, ხოლო ბოლო ციკლის განმავლობაში კვლავ მცირედით გაიზარდა.

განსხვავებები საშუალო მიღწევაში სქესის მიხედვით

(ათწლიანი ტრენდი)

თანასწორობა

განსხვავებები სკოლის მახასიათებლების მიხედვით

საქართველოში სკოლის ტიპის (კერძო, საჯარო), ადგილმდებარეობის (ქალაქი, სოფელი), ისევე როგორც სწავლების ენის მიხედვით, მოსწავლეთა მიღწევებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება.

​

ეს განსხვავებები განსაკუთრებით მკვეთრია სკოლის სტატუსის მიხედვით – კერძო სკოლებში მოსწავლეების მიღწევის საშუალო მაჩვენებლები მაღალია (მათემატიკაში ეს მაჩვენებელი OECD ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია). ასევე, მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო დაბალია იმ სკოლებში, სადაც სწავლების ენა აზერბაიჯანულია.

​

სკოლის მახასიათებლების მიხედვით განსხვავებების ეს საერთო სურათი მსგავსია ყველა ძირითადი სფეროს შემთხვევაში.

განსხვავებები საშუალო მიღწევაში სკოლის მახასიათებლების მიხედვით

(2025 წელი)

თანასწორობა

დეკადის ტრენდის ანალიზი აჩვენებს, რომ სკოლის სტატუსის მიხედვით სხვაობები კერძო და საჯარო სკოლებს შორის სტაბილურია, დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებები კი დროთა განმავლობაში იკლებს.

​

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ქულებს შორის სხვაობის ამ კლების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში სოფლისა და დაბის სკოლების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაა. კითხვაში კი სხვაობა ძირითადად თბილისის მოსწავლეების შედეგების გაუარესების ხარჯზე შემცირდა.

განსხვავებები საშუალო მიღწევაში სკოლის მახასიათებლების მიხედვით

(2025 წელი)

სწავლის გამოცდილება

PISA 2025 წლის ციკლში შეფასების ერთ-ერთ ცენტრალურ ასპექტს წარმოადგენს სწავლა, როგორც მრავალგანზომილებიანი პროცესი. PISA-ში გამოყენებულია სამშრიანი ეკოსისტემის მოდელი, სადაც ცენტრალურ შრეს წარმოადგენს თავად „კომპეტენტური მსწავლელი“, შუა შრეს – უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემო, ხოლო მესამე, გარე შრეს – ოჯახისა და სკოლის მხარდაჭერა. სამივე ასპექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლის პროცესსა და შედეგებზე.

​

კომპეტენტური მსწავლელის კონცეფცია PISA-ში ორი ძირითადი განზომილებით აღიწერება: მოსწავლეთა მიმდინარე მიღწევებით და სწავლაში ჩართულობით (ა) სწავლის სურვილით და (ბ) მოქმედების უნარით და ადაპტურობით სწავლის პროცესში;

​

უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემოს განზომილება ასახავს ორ კომპონენტს: (ა) სკოლის კლიმატს და (ბ) წარმოდგენებს სკოლისა და სწავლის შესახებ;

​

ოჯახისა და სკოლის მხარდაჭერის განზომილება ასახავს (ა) მოსწავლეთა მიერ აღქმულ მხარდაჭერას და (ბ) სკოლის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სკოლაში არსებული პირობების შესახებ.

მიღწევის საბაზო საფეხურის მიღმა და საუკეთესო მიღწევების მოსწავლეთა წილის დინამიკა

(2015-2025)

სწავლის გამოცდილების მრავალგანზომილებიანი მოდელი პიზაში

SUN-01.png

სწავლის გამოცდილება

კომპეტენტური მსწავლელი

სწავლაში ჩართულობის ზოგადი სურათი საქართველოში არაერთგვაროვანია. კერძოდ:

​

  • საქართველოს წარმომადგენელი მოსწავლეების თვითშეფასება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალია ე. წ. სწავლის სურვილის კომპონენტში (როგორც ცნობისმოყვარეობის, ისე შეუპოვრობის თვალსაზრისით). ამ კომპონენტში შედარებით დაბალი მაჩვენებლები, ირიბად, სწავლისათვის ნაკლებ მოტივაციაზე მიგვანიშნებს.

​

  • ამის საპირისპიროდ, კოგნიტური ადაპტურობის და ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების კომპონენტებში საერთაშორისო საშუალოზე მაღალი შედეგები დაფიქსირდა. საქართველოს მოსწავლეებს სწავლის პროცესში საკუთარი თავის იმედი აქვთ – ისინი სწავლის შედეგებს უფრო მეტად საკუთარ ძალისხმევას და არა თანდაყოლილ შესაძლებლობებს ან გარემო პირობებს მიაწერენ.

​

  • საყურადღებოა, რომ საქართველოში შედარებით მცირეა ისეთი მოსწავლეების წილი, რომლებიც არსებულ სამეცნიერო ცოდნას არა ფიქსირებულ, შეუვალ ჭეშმარიტებად, არამედ არასრულყოფილ და მუდმივად ცვალებად (განვითარებად) კონსტრუქტად მიიჩნევენ. ამგვარი ეპისტემიური წარმოდგენები ხშირად ხელს უშლის მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. საქართველოს წარმომადგენელ მოსწავლეებს, აგრეთვე, შედარებით უჭირთ სწავლის პროცესში დახმარებისთვის მიმართვა.

მოსწავლეთა ჩართულობა

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

1-01.png

შენიშვნა: სქემაზე მოცემული კომპონენტებიდან პირველი 6 წარმოდგენილია ე. წ. ინდექსების სახით

​

ე. წ. კომპოზიტური ინდექსები PISA-ში შექმნილია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხების გაერთიანებით. სტანდარტიზებული ინდექსებისთვის 0 წარმოადგენს ერთგვარ პირობით შესადარებელ ნიშნულს (ძირითად შემთხვევებში OECD-ის საშუალოს); შესაბამისად, დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობები აღნიშნავს ამ პირობით ნიშნულზე მაღალ და დაბალ პოზიციას.  ზოგიერთი ინდექსისთვის OECD-ის საშუალო შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს ნულისგან სკალირების, შეწონვის, დამრგვალების ან სხვა ოპერაციებიდან გამომდინარე.

სწავლის გამოცდილება

უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემო

უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემოს კომპონენტშიც მოსწავლეთა შეფასებები საქართველოში არაერთგვაროვანია. კერძოდ:

​

  • მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასკოლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების მაჩვენებელი და სკოლაში დისციპლინის და ბულინგის დონის შეფასებები საქართველოში საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება; ასევე, მოსწავლეები, PISA-ს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს.

​​

  • თუმცა, საქართველოში, OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა გაცდენები. ეს ლოკალური სურათი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან PISA-ს მასშტაბით სკოლის უმიზეზოდ გაცდენა მნიშვნელოვან მიმდინარე გამოწვევას წარმოადგენს. საყოველთაო პრობლემის ფონზე საქართველოს სურათი კიდევ უფრო მწვავედ გამოიყურება.

უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემო

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

2-01.png

შენიშვნა: დისციპლინური კლიმატი და სკოლისადმი კუთვნილების განცდა წარმოდგენილია ე. წ. ინდექსების2 სახით

სწავლის გამოცდილება

ოჯახის და სკოლის მხარდაჭერა

საქართველოში, OECD მაჩვენებლებზე მაღალია სკოლაში არსებული მხარდამჭერი პირობების შეფასება. თუმცა, საყურადღებოა მოსწავლეთა აღქმები მშობელთა მხარდაჭერის კუთხით.

​

ინდიკატორების ინტერპრეტაციისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან მოცემული ინდიკატორების უმეტესობა მოსწავლეთა და სკოლის წარმომადგენელთა თვითშეფასების მონაცემებს ეფუძნება. ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის გამოვლენილი განსხვავებები შესაძლოა ასახავდეს არა რეალურ განსხვავებებს, არამედ კითხვებზე პასუხის გაცემის თავისებურებებს (ე. წ. სოციალური სასურველობის ეფექტს). კულტურულმა ნორმებმა, კითხვების განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ და მათზე განსხვავებულმა რეაგირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს რესპონდენტთა პასუხებზე.

ოჯახის და სკოლის მხარდაჭერა – ზოგადი სურათი

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

3-01.png

შენიშვნა: სქემაზე მოცემული კომპონენტებიდან პირველი 2 წარმოდგენილია ინდექსების2 სახით

სწავლის გამოცდილება

ოჯახის და სკოლის მხარდაჭერა

მხარდაჭერის განზომილებაში საინტერესო დამატებით ასპექტს წარმოადგენს მოსწავლის და სკოლის გამოცდილება ციფრულ გარემოში სწავლა-სწავლების მიმართულებით. საქართველოში, OECD მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია სკოლის მზაობა ციფრული სწავლებისთვის.

ოჯახის და სკოლის მხარდაჭერა — ციფრული გარემო და ხელოვნური ინტელექტი

(საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

4-01.png

შენიშვნა: სქემაზე მოცემული კომპონენტებიდან პირველი წარმოდგენილია ინდექსის2 სახით

bottom of page