


ICCS - სამოქალაქო განათლების საერთაშორისო კვლევა
მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების საერთაშორისო კვლევა (International Civic and Citizenship Education Study (ICCS)) ერთადერთი საერთაშორისო ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც აფასებს მოსწავლეების ცოდნას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებზე. გარდა ამისა, ICCS იკვლევს მე-8 კლასელი მოსწავლეების სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს, მათ დამოკიდებულებას მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და სოციალური ჩართულობის მიმართ. ასევე, კვლევა აფასებს სკოლებსა და საზოგადოებაში არსებულ გარემოს, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეების სამოქალაქო განათლებასა და განვითარებაზე.
ICCS-ის მონაცემები, ისევე როგორც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის(IEA) მიერ ორგანიზებული TIMSS-ისა და PIRLS-ის მონაცემები, UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც სანდო წყარო გაეროს მიერ ინიცირებული მდგრადი განვითარების მიზანი 4-ის (ყველა ადამიანისათვის ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა) მიღწევის მონიტორინგისათვის.
სხვა საერთაშორისო შეფასებების მსგავსად, ICCS კვლევაში მონაწილეობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა მოიპოვოს სანდო და შედარებითი მონაცემები სამოქალაქო განათლების მიმართულებით საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირების ხელშესაწყობად.
საქართველოში ICCS საპილოტე კვლევა 2026 წელს, ხოლო ძირითადი კვლევა 2027 წელს განხორციელდება.
ICCS 2022 წლის საერთაშორისო ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ICCS & ICILS
2025 წლიდან საქართველო საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ კიდევ ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევას − ICCS − სამოქალაქო განათლების საერთაშორისო კვლევას და ICILS − კომპიუტერული და საინფორმაციო წიგნიერების საერთაშორისო კვლევას − შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ ციფრული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის აუცილებელი კომპონენტებია და ამ მიმართულებით პირველად ტარდება ფართომასშტაბიანი შეფასება, რაც საბაზისო კვლევას წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო კონტექსტში.