


TIMSS - მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა
TIMSS არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეფასება, რომელიც 1995 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და ზომავს მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კვლევა უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის შედარებით ანალიზს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც განათლების პოლიტიკის შემქმნელებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს ეხმარება საგანმანათლებლო სისტემების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.
-
განათლების პოლიტიკის დამგეგმავებს TIMSS აწვდის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის, სასწავლო პროგრამების ეფექტიანობისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესახებ. ის ეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს STEM განათლების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენასა და მიზნობრივი რეფორმების განხორციელებაში.
-
სკოლებისათვის TIMSS კვლევა იძლევა მნიშვნელოვან მონაცემებს იმაზე, თუ როგორ აისახება სასკოლო რესურსები, სწავლების სტრატეგიები და მოსწავლეთა სოციალური-ეკონომიკური ფაქტორები აკადემიურ მიღწევებზე. ეს ინფორმაცია სკოლებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი და უკეთ გაანაწილონ არსებული რესურსები
-
მასწავლებლებისთვის TIMSS აღწერს სასწავლო მეთოდებს, პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და საკლასო პრაქტიკას. კვლევის მიგნებები მასწავლებლებს სთავაზობს საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და უფრო ეფექტური პედაგოგიური სტრატეგიების განვითარებას.
-
მოსწავლეებისთვის TIMSS-ის შედეგები საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზომავს მოსწავლეთა ცოდნასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს, არამედ იკვლევს მათ მოტივაციას, ჩართულობასა და STEM საგნებისადმი დამოკიდებულებას. ეს ინფორმაცია ხელს უწყობს სწავლის პროცესის უკეთ ორგანიზებას და თვითეფექტურობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ TIMSS არა მხოლოდ აკადემიური მიღწევების შედარებას ემსახურება, არამედ აგროვებს კონტექსტუალურ მონაცემებს სასწავლო პროგრამებზე, სასკოლო გარემოზე და სასწავლო პრაქტიკებზე, რაც მას განათლების კვლევისა და სისტემური გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აქცევს.
TIMSS საქართველოში
TIMSS საქართველოში პირველად 2007 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ქართველმა მოსწავლეებმა 2011, 2015 და 2019 წლების ციკლებშიც მიიღეს მონაწილეობა. საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ კვლევას TIMSS საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ატარებს.
2024 წელს ჩატარდა TIMSS-ის 2023 წლის ციკლის ლონგიტიდური (გრძელვადიანი, განმეორებითი) კვლევა. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწევების პროგრესი და შევისწავლოთ ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
ტესტირება ჩატარდა 2024 წლის მაისის და ივნისის თვეებში. შერჩეული კლასის მოსწავლეებმა შეავსეს ტესტი და მოსწავლის კითხვარი. შესაბამისი კითხვარები შეავსეს კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა. კვლევა ჩატარდა ელექტრონული ფორმgატით.
მონაცემთა ანალიზი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ხორციელდება. კვლევის შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.
ანგარიშები





